სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი - დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები იქნა გაგზავნილი - როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება, არ შეიცავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას, არამედ შეიცავს მხოლოდ იმ ობიექტური გარემოების აღწერას, რომელიც გამოიხატა კონკრეტული მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის პროცესში - თუ როგორ იცავდა დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, დებულების მოთხოვნებს, რამდენად ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ასევე, ფსიქოლოგთან გასაუბრების დროს რა აღნიშნა ფსიქოლოგთან.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ე.წ. უდოს კომისიაში მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იდენტური დახასიათებები იქნა გაგზავნილი. სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მიერ, ისე სასჯელაღსრულებაში, ე.წ. უდოს საბჭოს მიერ. ექვსჯერ იქნა ჩვენი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მანამდე სამჯერ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე. ანუ, ჯამში ცხრაჯერ იქნა განხილული და ცხრაგზის უარყოფითი გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთ-ერთი გადაწყვეტილება ვეფხია ბაქრაძისთვის დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ერთ თვით ადრე, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება წინ უძღოდა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის სხვა დასკვნებს", - განაცხადა დარახველიძემ.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge