Loading...
Close
19 ნოემბერი 2018 19:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
ალეკო შუღლაძე - ინდოეთში გავიგე, რომ თურმე სული მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო
10 სექტემბერი 2018 14:44
ავტორი: მარიამ ადამია


„გაქცევის მცდელობა“, „სამსარა“, მანიფესტების ციკლი - მწერალი ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი წერის მანერით. შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. 15 წლით გადაიმალა. 15 წლის შემდეგ კი ახალი რომანი „გადამალვა“ დაწერა, რომელიც ბესტსელერი გახდა. გასული წლის 1 ოქტომბერს, "საბას" ნომინაციაში საუკეთესო რომანი, ალეკო შუღლაძემ გაიმარჯვა. მწერალი „ეურუსის“ შეკითხვებს პასუხობს.


: თქვენი რომანი „გადამალვა“, რომელიც მკითხველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია?

- ეს რომანი დიდი ხანია არსებობს და შესაბამისად, მის ირგვლივ საკმაოდ ბევრი ითქვა. დიახ, ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი.

- ქართულ ლიტერატურაში 90-იან წლებში გამოჩნდით; შემდეგ იყო საკმაოდ ხანგრძლივი ''გადამალვის'' პერიოდი. როგორ დაახასიათებთ ქართულ ლიტერატურაში პირველად გამოჩენასა და ''გადამალვის'' შემდეგ დაბრუნებას შორის არსებულ პერიოდს, რა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეთ ამ პერიოდში, რამაც თქვენს ტექსტებს ღირებულება შესძინა და აღიარება მოუტანა?

- ვფიქრობ რომ იმ ადამიანს, რომელიც პროზას წერს,ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება. პოეზიაშიც უნდა იყოს სათქმელი, მაგრამ პროზას უფრო მოეთხოვება ახალი დაამკვიდროს. ვფიქრობ, დიდი გამოცდილება შევიძინე, რადგან შევეხე აღმოსავლეთს, კერძოდ კი ინდოეთის ტერიტორიაზე არსებულ რელიგიებს, სარწმუნოებას და ფილოსოფიას. ამან ძალიან იმოქმედა.

- სტილური და თემატური კუთხით 90-იან წლებში გამოქვეყნებული თქვენი ნაწარმოებები ''გადამალვის'' მსგავსი იყო, თუმცა მათ ასეთვე აღიარება ვერ მოიპოვეს. რა არის მიზეზი?

- იმ რომანს და მოთხრობებს თავისი წილი აღიარება 90-იან წლებშიც ჰქონდა, რა თქმა უნდა. ახლა უკვე ბევრ ჩემს მეგობარს თუ უცნობს უთქვამს, 90-იანებში ისე არავინ არ წერდა, როგორც ალეკო შუღლაძეო. ნაკლები მკითხველი მყავდა იმიტომ, რომ თემა იმ დროისთვის როგორი ლიტერატურაც უყვარდათ, ისე არ გავშალე. ახლაც მიდრეკილნი არიან სხვანაირი ლიტერატურისკენ, ისევ შემორჩენილია ურბანული თემები, რომანები, რომლებშიც თითქმის არაფერი არ ხდება, ავტორს სათქმელი თითქმის არა აქვს და რაღაც ისტორიის,ფაქტების კონსტანტაციას ახდენს... ახლაც კი, როცა უკვე გაიხსნა გზები, უცხოს მიღება უჭირთ, შესაბამისად, იმ პერიოდისთვის კიდევ უფრო რთული იყო. მაგალითად, ძალიან გაუჭირდათ თეოლოგიური საკითხების გაგება, რომლებიც ჩემ რომანებში იყო ჩადებული; გარდა ამისა, იმ პერიოდში წერა აკა მორჩილაძემ დაიწყო. რამდენიმე მწერალი იყო, რომლისკენაც მკითხველი უფრო გადაიხარა.თუმცა, ახლაც მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ იმ პერიოდში გამოქვეყნებულმა რომანმა „სამსარამ“ და მეორე ნაწარმოებმაც მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. ეს ძალიან მსიამოვნებს- უკვე 20 წელი გავიდა იმ ამბების მერე.

- ქართველი თუ არაქართველი მწერლებიდან ვის დაასახელებთ, ვისაც თქვენს ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივ და სულიერ ძიებებთან ახლოს მდგომად მიიჩნევთ? ან, ვის გავლენასაც აღნიშნავდით თქვენს შემოქმედებაზე?

- ქართველი მწერლების გავლენა ნაკლებად მაქვს, შეიძლება ქვეცნობიერად განვიცდი, მაგრამ, უფრო უცხოელი მწერლების გავლენას ვგრძნობ. ჩემთვის მწერალი მწერალია და თუ ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება, ვკითხულობ და ის ჩემია- გინდა ვაჟა-ფშაველა იყოს და გინდა-კუნდერა. ხანდახან ქართველი ავტორები უფრო მიუცხოვდებიან თავიანთი ნაცნობობით, ამ დროს კი შეიძლება მურაკამი ან დოსტოევსკი აღმოჩნდეს უფრო ახლობელი.

- თქვენს სულიერ ძიებებზე პასუხების მისაღებად აღმოსავლურ რელიგიასა და ფილოსოფიას მიმართეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი, რაც ამ მსოფლმხედველობის წიაღში იპოვეთ და ვერ იპოვეთ ჩვენს რელიგიაში?

- იქ უფრო მეტი სილაღე ვიპოვე. როცა რამე გიყვარდება, რთული სათქმელია რატომ შეგიყვარდა. ვიგრძენი ის, რომ სიკეთე მთავარია. იქ წინა პლანზე არ იყო აკრძალვები და შიში. მივხვდი, რომ ჩემზე ზრუნავდნენ, შეცდომების აღარ მეშინოდა, მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში ადამიანის შეშინება წინა პლანზე იყო წამოწეული- აი, თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ ჯოჯოხეთში მოხვდები... მივხვდი რომ ასე არ არის, მივხვდი რომ ღმერთის, აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება ამის აუცილებლად შიშით გაკეთებას არ ნიშნავდა და ის არ იყო ისეთი ბატონი, ან მამა, რომელსაც შეიძლებოდა დავესაჯე და მერე მას შიშის გამო შევიყვარებდი.რა თქმა უნდა, იქაც არის ისეთი სკოლები და მიმდინარეობები, რომლებშიც ასეთივე მიდგომაა-ადამიანის შეშინება მღვდელმსახურის თუ ქურუმის მხრიდან ძალიან ნაცადი ხერხია და ამართლებს, მაგრამ, ჩვენთან ისეთი რამ,რომ შიშისგან განთავისუფლებული ყოფილიყო, ვერ ვიპოვე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ და რით გამოიწვია ასეთი დიდი რეზონანსი თქვენმა ''გადამალვამ'' სწორედ ახლა, ამ დროის თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში?

- გულწრფელობა ქართულ ლიტერატურას თითქოს არ აკლდა, მაგრამ აქ მაქსიმალურ გულწრფელობას შევეცადე. გარდა ამისა, თემები იყო ისეთი, რომელიც ქართველებს ძალიან უყვართ - დედა, ავადმყოფობა და ვაჟკაცობა. ვაჟკაცობა ალბათ ძალიან დიდი არა, მაგრამ იმდენი, რაც შეეძლო ამ ადამიანს. მე ასე ვფიქრობ - რომანში გამოჩნდა, რომ რაღაცები შეიძლება დადებითად გადაწყდეს. არ მახსოვს რომელი კრიტიკოსი საუბრობდა, არსებობს დემონური პროზა, უფრო ნგრევისკენ მოწოდებელი და მეორე უფრო ღვთიური, რომელიც აღმშენებლობაზე საუბრობსო. ვფიქრობ, რომ მარტო ნგრევა ადამიანს ღლის და შესაბამისად,იქ გამოსავალი არც ჩანს. ხშირად მწერენ და მეუბნებიან, რომ ჩემ რომანში მარადიულობის განწყობილება იგრძნობა და სიკვდილმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. წესით სიკვდილი ხომ არც არსებობს და ეს იგრძნო მკითხველმა, რომ სიკვდილი არის სიცოცხლიდან სიცოცხლეში გარდამავალი პატარა ცვლილება. აღვნიშნავ ასევე სტილსაც, რომელიც სხარტი იყო და, რა თქმა უნდა, იუმორს. იუმორის სტილში ალბათ თითქმის აღარავინ არ მუშაობს, ჩვენთან. რთულია, ბეწვის ხიდზე სიარულია... შეიძლება იმოქმედა პირადმა ურთიერთობებმაც-ამ პერიოდში ძალიან პოპულარული გავხდი „ფეისბუქზე“, ასევე, შეიძლება ცნობილი ქართველი ხელოვანების შეფასებებმაც იმოქმედა, რომელმაც „გადამალვა“ მოიწონეს.

- უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ინდოეთზე, გოვარდჰანას მთის შესახებ, რამდენად არის მის აღწერაში რეალური და ფანტასტიკური მომენტები დაბალანსებული, როგორ აისახა იქ მიღებული გამოცდილება უშუალოდ თქვენი ცხოვრების წესზე?

- ამას მოვუნდებით სამი დღე, სამი დღეც არ ეყოფა, მაგრამ მაინც შევეცდები მოკლედ ვთქვა. ინდოეთის ტერიტორიაზე ბევრი რელიგია და საწმუნოებაა თავმოყრილი. ჩემი მასწავლებელიც თავს არასოდეს არ უწოდებდა ინდოელს. ის ამბობდა, რომ მთავარია ადამიანის სული. ჩავედი და შევეცადე მეპოვა ის, რაც უკეთესად გამაგებინებდა ჩემს სულს, არსს. სწორედ იქ გავიგე, რომ თურმე სული მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. აქაც ამბობენ ამას, მაგრამ იქ შევიგრძნი; მივხვდი რომ არაფერი არ მემუქრებოდა, შიშებმა გადამიარა. რაც უფრო მეტად აიგივებს ადამიანი საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან, მით უფრო მეტი შიშები აქვს, შესაბამისად, რაც უფრო ღრმად ჩაიხედავს და სულისკენ მიმართავს მზერას, ეს შიშები გადის. ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით გამიმართლა და ეს ჩემთვის საუკეთესო წლები იყო. დაახლოებით 30 წელია რაც ამ ამბავში ვარ. განსხვავებული სამყაროა. რა თქმა უნდა, ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ყველაზე ერთნაირად იმოქმედებს- ჩემზე დადებითად იმოქმედა. უკან მობრუნებულმა უკეთესად შევძელი აღმექვა ჩემი პიროვნება და ზოგადად, ბევრი რამისადმი მიდგომა. ქრისტიანობაც უკეთესად გავიგე,მისი არსი და ჩემში, რა თქმა უნდა, ღირებულებები შეიცვალა. მთაც არსებობს. ერთი მთა ვახსენე, თორემ მთის გარდა კიდევ ბევრი რამ არსებობს. ეს მთა, როგორც ნამდვილი პიროვნება ისეთია და საერთოდ, იქ ამბობენ და მეც შევიგრძენი, რომ როცა ხედვა მკაფიო ხდება და ცნობიერება იცვლება, ადამიანი ბევრ რაღაცაში ხედავს პიროვნებას-ცხოველებშიც, მთებშიც... ჩვენთანაც არის საქართველოში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დასაფასებელი, მაგრამ, აი, ასე, კომბინაციას ვახდენ, ყველასგან ვიღებ ცოტ-ცოტას თუ ბევრს და კარგს.

- რას გვეტყვით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელიც ინდოეთში გყავდათ?

- მასწავლებელმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. თავისი პირადი მაგალითით გვიჩვენებდა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. რა თქმა უნდა, მე მის შესაძლებლობებს ვერ შევწვდები, მაგრამ მე ჩემი თამასა მაქვს, რომელსაც შეიძლება გადავახტე და გადმოვახტე, და ეს მიხარია.

- „გადამალვაში“ აღწერილი რთული ცხოვრება: წიგნების მოქალაქეებისთვის მიყიდვა, მძიმე ჩანთებით კომპანიიდან კომპანიაში სიარული... დღეს როგორ ცხოვრობთ და რამდენად ემთხვევა მწერლის რეალური ცხოვრება წიგნში მონათხრობს?

- იმავე სამუშაოზე ვმუშაობ-წიგნები დამაქვს.უბრალოდ, მკითხველი შემცირდა, რადგან ბევრი მაღაზია გაიხსნა. ახლა ეს ბიზნესი უფრო საყვარელ საქმეში გადავიდა და ჰობივით გახდა. მეტი დრო მრჩება, რომ ხალხთან წიგნებზე ვისაუბრო. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, სამუშაოს კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტია, რომელსაც ვასრულებ. ეს არის ტექსტზე მუშაობა. ახლა ჩემ რომანს გერმანულ და ინგლისურ ენაზე თარგმნიან. იმედია, ორივე ფრანკფურტის ფესტივალისთვის მოესწრება.

ვმუშაობ ახალ რომანზე. ვნახოთ, როგორი იქნება. სტილი შენარჩუნებულია, იუმორი ცოტა შემცირებულია, მაგრამ, იუმორს სპეციალურად ვერ ჩართავ. სადაც არის საჭირო, იქ ხუმრობ. თემაც შევცვალე.

- რატომ არ დარჩით ინდოეთში საცხოვრებლად და თუ დაბრუნდებოდით უკან ისევ?

- ინდოეთში ცოტა ხნით ხვალვე სიამოვნებით წავიდოდი,ბილეთები რომ მქონდეს. დიდი ხანი რთულია, იმიტომ, რომ ასკეტური ქვეყანაა ;სიცხე...პირობებიც არ არის, ბევრი ხალხია, რაც კონცენტრაციის გაფანტვას და დაღლას იწვევს. რომანების წერისა და ლიტერატურული პროცესისთვის ცოტა რთული გარემოა. მთაში თუ წახვალ, სადაც ცოტა ხალხია და იქ თუ იმუშავებ.
ვიღაცები ჩერდებიან, ცხოვრობენ, მაგრამ მე საქართველოში მირჩევნია-აქ უფრო კარგი პირობებია. ახლა სიამოვნებით ჩავიდოდი რომელიმე იქაურ წმინდა ქალაქში და დღესასწაულებში მონაწილეობას მივიღებდი. ოქტომბერი-ნოემბერი ძალიან კარგი პერიოდია. თუ მომიწია, აუცილებლად ჩავალ, მაგრამ დარჩენით-არა. ამ ცხოვრებაში - ვერა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტი მოქალაქეს მილიარდნახევარი ვალი უნულდება - პრემიერის საგანგებო განცხადება
ვინ და რას გვპირდება - სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)
ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი