Loading...
Close
11 დეკემბერი 2018 00:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
საქართველოს პრეზიდენტები
30 ნოემბერი 2018 19:02

საქართველოს მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 59.52 %-ია. 28 ნოემბრის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.


"ეურუსი" გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტების ბიოგრაფიებს.



საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია 1991 -1992 წლებში.



ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წლის 31 მარტს, გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

განათლება

ზვიად გამსახურდია სწავლობდა თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში. განათლების მიღება განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. უნივერსიტეტში სწავლა 1962 წელს დაასრულა. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიასა და მისი მეგობრების დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან აშკარად 1956 წელს გამომჟღავნდა, როდესაც მათ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს. ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ზვიად გამსახურდია პატიმრობაში მეორედ 1959 წელს მოხვდა და ისევ მალე გაათავისუფლეს.

1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე მისი თავმჯდომარე იყო. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვ. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“.

1978 წელს ზვიად გამსახურდია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.

მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, მაინის ფრანკფურტი) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ ჟურნალთან „მიმდინარე ამბების ქრონიკა“ (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა 1977 წელს დააპატიმრა, პატიმრობიდან 1979 წელს გაათავისუფლეს.

1979 წლიდან იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში და იყო 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის ერთ-ერთი მოთავე, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც 9 აპრილს ტრაგედიით დასრულდა, ხოლო ზვიად გამსახურდია, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას. 1990 წლის დამდეგს მისი თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

კარიერული გზა

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზვიად გამსახურდია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი.
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია, რაც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა.
1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საქართველოში, სამეგრელოში დაბრუნდა. 1993 წლის ნოემბერში იგი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მთიანი სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდა.

გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
მისი მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, პროფესიით ექიმი პედიატრია. იგი ზვიად გამსახურდიას პარტიული თანამებრძოლი იყო. ჰქყავს სამი შვილი - კონსტანტინე (პირველი ქორწინებიდან), ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

საგამომცემლო საქმიანობა

1970 წელს ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საიდანაც 1977 წლის 1 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით გარიცხეს.
გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის, 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.


ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


საქართველოს მეორე პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე 1995-2003 წლებში.

ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში.

განათლება

1943-1946 წლებში იყო თბილისის მეორე საფერშლო სკოლის წარჩინებული მოსწავლე.
1949-1951 წლებში _ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლის წარჩინებული მსმენელი.
1960 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის ისტორიკოს-პოლიტოლოგის სპეციალობით.

კარიერული გზა

საფერშლო სკოლაში აირჩიეს კომკავშირული ორგანიზაციის მდივნად. 1948 წელს კი გახდა სკკპ-ის წევრი. ამ პერიოდიდან მუშაობდა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კომკავშირული ორგანოების განყოფილებაში ინსტრუქტორად; საქართველოს კომკავშირის ქუთაისის საოლქო კომიტეტში მეორე მდივნად, შემდგომ ქუთაისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1957 წელს აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. შემდეგ იყო საქართველოს კომპარტიის მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი, ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი.

1964-1965 წლებში ედუარდ შევარდნაძე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი 1972 წლამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 1972 წლის 25 ივლისიდან - თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

1985 წლის 3 ივლისიდან დაინიშნა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად და აირჩიეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრად. ამ თანამდებობის დატოვების შესახებ მან 1990 წლის 20 დეკემბერს განაცხადა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ 1992 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკურ ასოციაციას. იყო მოძრაობის `დემოკრატიული რეფორმებისათვის“ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.

სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ერთი თვით, 1991 წლის 20 ნოემბერს დაუბრუნდა.
1992 წლის 7 მარტს ედურად შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საბჭოს. 1992 წლის 11 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. პარლამენტმა იგი სახელმწიფოს მეთაურად დაასახელა და ამასთანავე იგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც გახდა.

1993 წლის 28 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მან საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2000 წლის 9 აპრილს იგი მეორე ვადით აირჩიეს. პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძე ვადამდე გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის შედეგად.

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციაში. მისივე სურვილის თანახმად, დაკრძალულია რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით.
ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ნანული ცაგარეიშვილი იყო დამსახურებული ჟურნალისტი, საზოგადოება `საქართველოს ქალები მშვიდობის და სიცოცხლისათვის“ პრეზიდენტი 1992-2004 წლებში, საერთაშორისო საზოგადოების `თეთრი მანდილის“ საპატიო პრეზიდენტი. ჰყავს შვილები _ მანანა და პაატა შევარდნაძეები.

გამოცემული წიგნები:

„ჩემი არჩევანი“ (მოსკოვი, «Новости», 1991 (ორჯერ)) - ითარგმნა და გამოიცა 20 ქვეყანაში
„დიდი აბრეშუმის გზა. TRACECA. PETRA ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. ევრააზიის საერთო ბაზარი. პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები~ (თბილისი, „მეცნიერება“, 1999) - ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად, სპარსულად „დიდი მაგალითები“ (თბილისი, GAT სარეკლამო-საგამომცემლო კომპანია, 2003) „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ (თბილისი, “პალიტრა“, 2006; აგრეთვე გამოიცა გერმანიაში სახელწოდებით „როცა გაირღვა რკინის ფარდა“ (პეტერ მეთცლერის გამომცემლობა, 2007), ასევე: აზერბაიჯანში, რუსეთში, ესტონეთში, ირანში
არის რედაქტორ-გამომცემელი გივი ბერძენიშვილის წიგნისა „სტალინი“ (გორი, 2007)

ჯილდოები

ედუარდ შევარდნაძე სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით, ლენინის ხუთი ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით. საქართველოში მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო.

2003 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენით.

ედუარდ შევარდნაძე იყო საზღვარგარეთის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და აკადემიების ნამდვილი წევრი.

მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების საპატიო ჯილდოები:

1992 წლის 26 თებერვალს ვენაში გადაეცა „მხიარული ავგუსტინეს“ ორდენი.
1992 წელს დეკემბერში ქეარინგის ინსტიტუტმა (აშშ) მიანიჭა ეროვნული ჯილდო უდიდესი წვლილისათვის ადამიანის უფლებების დარგში და არაჩვეულებრივი თანაგრძნობისათვის კაცობრიობის მიმართ.

1993 წელს მიენიჭა ჰამბურგის საქველმოქმედო საზოგადოების იმანუელ კანტის (გერმანია) სახელობის პრემია 1992 წელს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად განსაკუთრებული დამსახურებისათვის და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის.

1993 წელს ამერიკის აღმოსავლეთისა და დასავლეთის უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ ჯილდოს გადაცემით დაფასდა მისი წვლილი `ცივი ომის~ დასრულებისა და ქვეყნების გათავისუფლების საქმეში.

1994 წლის 20 დეკემბერს რუმინეთის დეკემბრის რევოლუციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა მედლითა და დიპლომით.

1997 წლის 2 ივლისს ონასისის საერთაშორისო ფონდის (საბერძნეთი) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ონასისის ფონდის პრემია – საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და სოციალური მიღწევებისათვის.

1997 წლის დეკემბერში ნიქსონის სახელობის ცენტრის დირექტორთა საბჭომ (აშშ, ვაშინგტონი) მიანიჭა ნიქსონის სახელობის საგანგებო პრემია ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის - საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილის, ასევე ახალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შესანიშნავი მიღწევების აღსანიშნავად.

1998 წლის 14 იანვარს გადაეცა ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემია საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის და, აგრეთვე, ებრაელთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისათვის (ისრაილი, იერუსალიმი).
1998 წლის 12 თებერვალს კალიფორნიის მეცნიერების, განათლების, მრეწველობის და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ წიგნისათვის ''ჩემი არჩევანი'' დააჯილდოვა ა.აინშტაინის სახელობის დიდი ოქროს მედლით ''განსაკუთრებული მიღწევებისათვის''.

1998 წლის 9 ივნისს გადაეცა აშშ-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ჯილდო `საუკეთესო ევროპელი სახელმწიფო მოღვაწისათვის.

1998 წლის 30 ივნისს რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიამ გადასცა სერტიფიკატი, `დიდი დათვის თანავარსკვლავედის~ ერთ-ერთი ვარსკვლავის სახელის სრულუფლებიანი მფლობელის სერტიფიკატი.

1998 წლის ივლისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა ოლიმპიური ოქროს ორდენით – უდიდესი დამსახურებისათვის მსოფლიოში სპორტის განვითარების საქმეში და ოლიმპიური იდეალების ერთგულებისათვის.

1999 წლის აპრილში ბუნების დაცვის მსოფლიო საერთაშორისო ფონდმა ''თანამედროვე პლანეტის'' შენარჩუნებისათვის გაღებული განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა ''სერტიფიკატი 2000''.

1999 წლის 22 აპრილს რაისის უნივერსიტეტის ჯეიმს ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში მას გადაეცა კომპანია `ენრონის~ პრემია – საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
1999 წლის 5 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კონსტანტინოს სტეფანოპულოსმა მიანიჭა მაცხოვრის მხედრობის დიდი ჯვრის ორდენი.

1999 წლის 24 მაისს გადაეცა კლუბ „როტარი ინტერნეიშენელის“ ჯილდო მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის, წვლილისათვის საერთაშორისო აზროვნების, კეთილდღეობისა და მშვიდობის განვითარების საქმეში.

1999 წლის ივლისში ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (აშშ) დააჯილდოვა ავერელ ჰარი მანის დემოკრატიის პრემიით დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სამაგალითო საქმიანობისათვის.

1999 წლის 13 ოქტომბერს გადაეცა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო `უმაღლესი ხარისხის დიდი ფედერალური ჯვარი“ - სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

1999 წლის 14 ოქტომბერს გადაეცა ლუდვიგ ვიუნშეს სახელობის პრემია განსაკუთრებული ღვაწლისათვის ხალხთა შორის გაგებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებაში.

1999 წლის 29 ოქტომბერს გადაეცა თურქეთის მწერალთა და ჟურნალისტთა ფონდის ჯილდო ხალხთა დაახლოების საქმეში გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად.

2000 წლის 6 იანვარს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროს პირველმა დააჯილდოვა იერუსალიმის საპატრიარქოს `წმინდა აკლდამის რაინდთა წმინდა ჯვრის ორდენით''.

2000 წლის 6 იანვარს ქ. ბეთლემში ედუარდ შევარდნაძისა და იასირ არაფატის შეხვედრისას პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურმა თავისი სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცა ორდენი `ბეთლემი - 2000''.

2000 წლის 15 მარტს დაჯილდოვდა იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენით - ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცების, საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

2000 წლის 22 მარტს დაჯილდოვდა ''ისთიგლალის'' (დამოუკიდებლობის) ორდენით - საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განუხრელ განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გასაფართოებლად ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.

2000 წლის 28 მარტს დაჯილდოვდა წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში თვალსაჩინო მიღწევებისათვის.

2000 წლის 14 აპრილს მეორე მსოფლიო ომის ინვალიდთა და ვეტერანთა სრულიად ამერიკული ასოციაციის ცენტრალურმა გამგეობამ დააჯილდოვა საიუბილეო, მემორიალური მედლით - ''მეორე მსოფლიო ომში მოკავშირე ჯარების გამარჯვების 55 წლისთავი''.

2000 წლის 19 ივლისს დაჯილდოვდა `წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრის ორდენით'' ბუკინგემის სასახლეში. დედოფალმა ელისაბედ მეორემ პირადად გადასცა საქართველოს პრეზიდენტს უცხოელებისათვის განკუთვნილი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და რაინდად აკურთხა.

2000 წლის 15 სექტემბერს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კიოში რომაცუურამ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე, დააჯილდოვა კონფუცის დიდი მედლით.

2000 წლის 30 სექტემბერს მალტის რაინდთა წმინდა იოანე იერუსალიმელის დიდი ორდენის საერთაშორისო მარშალმა ოტოი ოკლიკმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა უმაღლესი ჯილდო ''დიდი ჯვარი'', რომელიც ორდენის წევრების გადაწყვეტილებით, `ედუარდ შევარდნაძეს მიენიჭა კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, კერძოდ: ბერლინის კედლის დანგრევისა და ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისათვის“.

2001 წლის 13 მაისს ფიდეს პრეზიდენტმა (ამასთანავე ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა) კირსანი ლუმჟინოვმა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს დიდი მხედრის ორდენი და ფიდეს მედალი.

2003 წლის 30–31 მაისს საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ედუარდ შევარდნაძეს სანკტ-პეტერბურგის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადასცა სამკერდე ნიშანი `რუსეთის ღერბი“, ქალაქის გუბერნატორმა ვლადიმერ იაკოვლევმა კი დააჯილდოვა მედლით ''პეტერბურგი 300 წლისაა''.

2011 წლის 17 ივნისს კრწანისის რეზიდენციაში საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) გენერალურმა მდივანმა მარტინ მარმმა გადასცა ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის აბრეშუმის გზის აღორძინების საქმეში.

ედუარდ შევარნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს. ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი 2004-2013 წლებში.

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, თბილისში.


განათლება

მიხეილ სააკაშვილმა წარჩინებით დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.


კარიერული გზა

1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. მის სახელს უკავშირდება რეფორმები ამ სფეროში.

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

2003 წელს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე გაერთიანდნენ და საზოგადოებას გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებისაკენ მოუწოდეს, რაც 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციით“ და პრეზიდენტის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

2004 წლის 4 იანვარს ამომრჩეველთა ხმების 96 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

2008 წლის 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53,4 პროცენტით მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და ამ მოვალეობას 2013 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა.

პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტეფტის უნივერსიტეტში დაიკავა მისთვის დაწესებული აკადემიური თანამდებობა (Senior Statesman). 2014 წელს ნიუ-იორკში მან ახალი ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტი დააარსა.

2014 წლის ზამთარში სააკაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში. 2015 წლის 13 თებერვლიდან დაინიშნა რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად. 2015 წლის 30 მაისს კი დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად და ამჟამადაც ამ თანამდებობაზეა.

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე სანდრა რულოვსი და ორი ვაჟი - ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი 2013-2018 წლებში.



1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, სწორედ მან წამოიწყო პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა და მან დამაჯერებლად, ხმათა 62,18 პროცენტით გაიმარჯვა.

განათლება

გიორგი მარგველაშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი, პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კარიერა

ალპინიზნმით დაინტერესებული გიორგი მარგველაშვილი 90-იან წლებში მუშაობდა მთამსვლელთა გიდად სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიის, მათ შორის, „კავკასუს თრეველისათვის“.

1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI - ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი (2000-დან 2012 წლის ჩათვლით) გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA): 2000-2006 და 2010-2012 წლებში ეკავა რექტორის თანამდებობა, ხოლო 2006-2010 წლებში GIPA-ს კვლევით დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ჩაება 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მიიჩნევდა მას კორუმპირებულად და ავტორიტარულად. ინარჩუნებდა რა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, გიორგი მარგველაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი კოალიცია „ქართული ოცნების“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას.

საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მისი ინიციატივები მოიცავდა პედაგოგთა ხელფასების არსებით ზრდასა და ინვესტირებას სკოლების ინფრასტრუქტურულ განახლებაში. 2013 წლის თებერვალში, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად და ამ რანგში აქტიურად თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრთან, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

პირადი ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე - მაკა ჩიჩუა (მხატვარი, მსახიობი) და სამი შვილი - ანა მარგველაშვილი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი), თეიმურაზ მარგველაშვილი და თომა მარგველაშვილი.

თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს დუშეთის სახლში.



აღნიშნულ ინფორმაციებს ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.


სალომე ზურაბიშვილი



დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.


აკადემიური ხარისხი

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი


სამუშაო გამოცდილება

1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში;

1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში;

1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი;

1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში;

1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი;

1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში;

1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი);

1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი);

1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი;

1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი;

1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი;

2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი;

2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

2006 წლიდან არის საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი,

2010 წლიდან - გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა", ლიდერი (2005)
  • პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზა", ლიდერი (2006)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016 წლიდან)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი
  • იტალიის ღირსების ორდენი
  • პოლონეთის ღირსების ორდენი


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
ნათია მეზვრიშვილი – მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ მმართველ პარტიასთან ვალში არ ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი