Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:18
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
'მადლიერება ღვთის მიერ ბოძებული უზენაესი გრძნობაა!'
10 იანვარი 2019 12:52
მადლიერება ღვთის მიერ ბოძებული უზენაესი გრძნობაა!


ბატონი ზურაბ ლომიძე უნიკალური მოვლენაა უახლოესი წარსულის ქართული კულტურის ისტორიაში.

უაღრესად წარმატებული პარტიული, კომკავშირული, სახელმწიფო მოღვაწე ყველასთვის მოულოდნელად დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორად. და ეს მოხდა მაესტრო ჯანსუღ კახიძის და მისი თანამოაზრეების განსაკუთრებით დაჟინებული მოთხოვნით, რომლითაც მათ მიმართეს რესპუბლიკის მაშინდელ ხელმძღვანელს ედუარდ შევარდნაძეს. იმ დროსთვისაც კი ასეთი „მოთხოვნა“ მართლა უნიკალური იყო და... ზურაბი „ლომების ხახაში“ ჩააგდეს.

მანამდე ლომიძე, ცნობილი წყალბურთელი, კომკავშირის ცეკას სასკოლო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მერე გახლდათ "პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის" დირექტორი (და მის სახელთან არის დაკავშირებული ბავშვთა ლეგენდარული ანსამბლის "მზიურის" არაერთი წარმატება), განათლების მინისტრის პირველი მოადგილე...

იმ (და ახლანდელიც) თაობის თეატრალები მადლიერების გრძნობით იგონებენ ზურაბის საქმიანობას. ჰოდა, სულით რაინდი კაცი შეუძლებელია არ გამოხმაურებოდა ოპერისა და ბალეტის თეატრის მისამართით აგორებულ ბოლოდროინდელ, არცთუ სასიამოვნო მოვლენებს, რომლებიც ხინჯად დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებს, დაკავშირდა და, ნებსით თუ უნებლიედ, მეტისმეტად გაზვიადდა და, რა თქმა უნდა, ხელოვნურად „დარტყმის ობიექტად“ გადაიქცა ქალბატონ ნინო ანანიაშვილის პიროვნება.

არაერთგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: გასული საუკუნის 80-იანი წლები ქართული ისტორიის საამაყო ფურცლებთან ერთად ინახავს სამარცხვინოსაც. ერთერთი ასეთი ლაქაა ის აღვირახსნილი და გამაოგნებელი ლანძღვა-გინება, რომელიც განსაზღვრული იყო პოლიტიკური ნიშნით, ურაპატრიოტული ემოციებით, მიმართული ქვეყნის გარეთ თუ შიგ მოღვაწე ზოგიერთი დიდი ქართველი ხელოვანის წინააღმდეგ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჭკუა ბოლომდე ვერ ვისწავლეთ. დღესაც, ისე „გადავუვლით“ და „ჩავქოლავთ“ ამა თუ იმ გამორჩეულ, ელვარე ნიჭის მქონე, საქვეყნოდ პოპულარულ, პრაქტიკულად ქართული კულტურის სახედ მსოფლიოში აღიარებულ თანამემამულეს, რომ... მიზეზი ისევ და ისევ, გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი მათი ან, მათი ახლობელი თუ ოჯახის წევრთა პოლიტიკური შეფერილობის პოზიცია, ქმედება, გამონათქვამი...

გუშინდელი საამაყო, ხელისგულზე სატარებელი კერპების პიეტსდალიდან უტიფრად „ჩამოგდების“ ეს სამარცხვინო პროცესი არა მარტო ამაზრზენია, არამედ მეტისმეტად ცუდი მაგალითია მომავალი თაობებისთვის, ისევე, როგორც მსოფლიოს თვალში „გასაოცარი დემოკრატიის“ მშენებარე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცისთვის.

ვიცი „ვიღაც-ვიღაცეების“ რისხვას ვერ გადავურჩები, მაგრამ სათქმელია: რობიკო სტურუას, ნანი ბრეგვაძეს, თემურ ჩხეიძეს, ლიანა ისაკაძეს, ელისო ვირსალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირმა ნიორაძეს, ანიტა რაჭველიშვილს, ხატია ბუნიათიშვილს, ბუბა კიკაბიძეს, ეთერ გლურჯიძეს, თამარ გვერწითელს, ძმებ მელაძეებს, სოსო პავლიაშვილს და კიდევ არაერთ საამაყო ტალანტს თავიანთი ნიჭით და მთელი ცხოვრებით მოპოვებული აქვთ უფლება სადაც უნდათ იქ დადგან სპექტაკლი, დაუკრან ნებისმიერი ავტორის შედევრი, იმღერონ რა სიმღერაც უნდათ, იცეკვონ ნებისმიერ სცენაზე, ქონდეთ ნებისმიერი პოლიტიკური შეფერილობის პირადი პოზიცია და სიმპათია და... დარჩნენ გულმხურვალე ქართველებად!

და მიიღონ მათ ჩემი გულწრფელი მადლიერება, უსაზღვრო პატივისცემა, დაუფარავი აღტაცება, მოწიწება, ტაში და ოვაცია მაშინაც კი, როცა მათი (ან, მათი ბედოვლათი მეუღლეების, ანგარიშარგამწევი შვილების, ცოტა გონებაშეზღუდული სიდედრ-სიმამრების თუ მოავანტიურისტო ახლობლების და მედროვე მეგობრების...) პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი პოზიცია არამცთუ არ ემთხვევა, არამედ პრინციპულადაც კი ეწინააღმდეგება ჩემს პირადს...

ამ მოსაზრებებით, ამ რწმენით ვაქვეყნებ ჩემი ნახევარსაუკუნოვანი მეგობრის, სახელმწიფო აზროვნებით გამორჩეული, ქართული კულტურის წინაშე ვალმოხდილი მოღვაწის და რაინდი კაცის ზურაბ ლომიძის ამ გულწრფელ წერილს და მადლობას მოვახსენებ მას ამ ნაბიჯისთვის.

მადლიერება ღვთის მიერ ბოძებული უზენაესი გრძნობაა!


ზურაბ ლომიძე,

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გენერალური დირექტორი 1986-2004 წლებში.


ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ქართული თეატრისათვის, ისევე როგორც მთლიანად ქართული კულტურისათვის, გასული საუკუნის 90-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოსაგონარია. იყო სიცივე, უშუქობა, ხშირად უხელფასობაც, მაგრამ ვისაც როგორც შეეძლო ისე გაჰქონდა თავი.


ეს წლები განსაკუთრებით მძიმე იყო თბილისის საოპერო თეატრისათვის, რადგან იგი წარმოადგენს ოპერის, ბალეტის, სიმფონიური ორკესტრის და გუნდის ერთგვარ სინთეზს და ყოველი მათგანი ცალ-ცალკე მუდამ თავისებურ ყურადღებას ითხოვდა. მართალია, იყო ცალკეული კონფლიქტებიც, მაგრამ მან ღირსეულად გაართვა თავი დროის მაშინდელ გამოწვევებს.

მე მერგო პატივი ვყოფილიყავი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის (მაშინ მას ასე ეწოდებოდა) გენერალური დირექტორი იმ დროს, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძე, ხოლო საბალეტო დასს თავკაცობდა შესანიშნავი ბალეტმაისტერი გიორგი ალექსიძე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმ ძალზე გაჭირვებულ დროს თეატრის მთელმა დასმა თავის მაყურებელს უჩვენა ერთიანობის, თეატრისადმი უსაზღვრო სიყვარულის, პროფესიონალიზმის და ერთგულების არა ერთი შესანიშნავი მაგალითი, ჩვენ მაინც ვერ გავივლიდით იმ წლებს ღირსეულად, რომ არა ჩვენი საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერლები და მოცეკვავეები, რომლებსაც ჩემი ყოველი თხოვნა გულთან ახლოს მიჰქონდათ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მონაწილეობდნენ თეატრის პრემიერებსა თუ რიგით სპექტაკლებში და ამით უმსუბუქებდნენ მძიმე ყოფას როგორც თეატრს, ისე თბილისელ მაყურებლებს.

უდიდესი მადლიერებით მინდა გავიხსენო ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნუგზარ გამგებელი, ლადო ათანელი, ეთერ ჭყონია, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, ელენე გლურჯიძე, შესანიშნავი თეატრალური მხატვარი მურაზ მურვანიძე და სხვები.

მაგრამ დღეს მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყო მსოფლიო ბალეტის ფერია ნინო ანანიაშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ამჟამად მორალურად ყველაზე მეტად უჭირს. მისი ყოველი ჩამოსვლა მუდამ დიდი ზეიმი იყო ბალეტის მოყვარულთათვის. მახსოვს გრძელი რიგები საბილეთო სალაროსთან, ხოლო უშუალოდ სპექტაკლების დღეებში, თეატრის გარე პერიმეტრზე წესრიგის შესანარჩუნებლად არა ერთხელ მომიწია მაშინ ჯერ კიდევ მილიციის ქვედანაყოფის მოწვევა. ნინოს თხოვნით, ძალიან მძიმე 1991 წელს დავდგით ლევენსკიოლდის ბალეტი „სილფიდა“ რომლის სადადგმო ხარჯებში შედიოდა მის მიერ მოსკოვში მოძიებული თანხებიც. „სილფიდა“ მისი ერთ ერთი საყვარელი სპექტაკლი იყო და მასში იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ცეკვავდა თავის პარტნიორებთან ერთად, და როგორც წესი, ისინი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოჰყავდა და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. ასევე იყო 1996 წლის ზაფხულში, როცა მან სრულიად უსასყიდლოდ ჩამოიტანა სპექტაკლი „სიზმრები იაპონიაზე“, მასში ბალეტის მსახიობთა გარდა მონაწილეობდა მოსკოვის დიდი თეატრის 10 დრამერი, რომლებმაც ჩვენი თეატრის ორკესტრთან ერთად გამართეს ორი სპექტაკლი და ამით მართლაც დიდი სიხარული მიანიჭეს თბილისელებს.

სწორედ ნინოს „აგიტაციის“ შემდეგ, 1996 წელს ქალაქ ბალტიმორში შევიძინეთ სპეციალური საბალეტო იატაკი, რომლის მსგავსი დღესაც კი მსოფლიოს უამრავ საბალეტო დასს არ გააჩნია. მისი წყალობით წლების მანძილზე მოცეკვავეებს ავაცილეთ ტრავმის მიღების უამრავი შემთხვევა და მიეცათ შანსი სრულად წარმოეჩინათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. მაგონდება არა ერთი შემთხვევა, როცა მან თავის თბილისელ კოლეგებს შეძლებისდაგვარად საჩუქრად უგზავნიდა დიდი თეატრის სახელოსნოებში შეკერილ საბალეტო პუანტებს, რომლის დეფიციტს მაშინ ხშირად განვიცდიდით. ვინც მეტნაკლებად იცნობს მის შემოქმედებით ბიოგრაფიას, იცის, რომ ნინო ანანიაშვილი ძალზე პატივში ჰყავდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსაკუთრებით იაპონიაში. გარდა იმისა, რომ იგი იყო ამ ქვეყნების წამყვანი დასების უცვლელი სოლისტი, თითქმის ყოველწლიურად იქ სხვა და სხვა სპექტაკლებით დაჰყავდა რუსეთის ცნობილი საბალეტო კოლექტივები. 2002 წელს მან შემომთავაზა იაპონიაში საგასტროლოდ რუსული კოლექტივის ნაცვლად ჩვენი თეატრის საბალეტო დასის წაყვანა. ამ გამოსვლებმა იმდენად წარმატებით ჩაიარა, რომ იმავე წელს შედგა მათი გასტროლები ინგლისში. მას შემდეგ მარტო იაპონიასა და აშშ-ში ქართული დასის კიდევ 9 გასტროლი შედგა.

და ბოლოს, არ შემიძლია არ გავიხსენო თუ როგორ განიცდიდა ქართული შენაერთების წარუმატებლობას აფხაზეთში. ხშირად რეკავდა თბილისში და მათ შორის ჩემთანაც, აინტერესებდა იქ მიმდინარე პროცესები.1993 წლის ოქტომბერში ნინო იყო ერთ ერთი პირველთაგანი, რომელმაც მოსკოვში, საქართველოს საელჩოში შეიტანა 40,000 აშშ დოლარი ჭუბერის გზას შემდგარი აფხაზეთიდან გამოყრილი ლტოლვილების დასახმარებლად და რამდენადაც მახსოვს, ასეთი, მართლაც რომ პატრიოტული ნაბიჯი იმ დროს ბევრს არ გადაუგდია.

ნინო ანანიაშვილი, ჩემის აზრით, განსაკუთრებული ფენომენია ქართულ კულტურაში და თუ გნებავთ საერთოდ ქართულ სინამდვილეში. მადლიერება ღვთის მიერ ბოძებული უზენაესი გრძნობაა... ეს ჩემი სიტყვები არ არის, მაგრამ იგი, ვფიქრობ, ყველას და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.



ნუგზარ ფოფხაძე


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი