Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
ჩვენი ხალხი და განათლება - ილია ჭავჭავაძე
29 მარტი 2019 13:36
უმეცრება – აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს არავისთვის საიდუმლო არ არის: თითონ ცხოვრება ხმა-მაღლივ ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაღებინოთ... გადიკითხეთ ყურადღებით გაზეთებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარედან მოწერილი ამბები და ჰნახავთ...

ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს. წლითიწლობით მიწას ჩაჰყურებს, ატრიალებს, ჰხნავს, სთესავს; ვაზს უვლის, ბოსტნეული მოჰყავს; წელებზედ ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ ერიდება, ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს. მაგრამ აი წელს სეტყვამ გაუნადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა. წლის ნაწვავ-ნადაგი ხელიდამ გამოეცალა... რა ქნას? ცოდნა მას არა აქვს, ვერც თავის საკუთარს ძალ-ღონეს დანდობია, ვერც სხვას მინდობია, ვერც ცალკე ღონით გასძღოლია.. სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომ მისთვის გული შესტკივოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?..

ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. ხალხს ათასგვარი ხარჯი და გადასახადი აწევს კისერზე. ამისათვის ფული უნდა. მოსავალია მთელი მისი სიმდიდრე, ერთად-ერთი წყარო. მოსავალია მისი ფული, მოსავლით უნდა გაუძღვეს ყველა ხარჯს და გადასახადსა. მოსავალი უნდა ფულად აქციოს. მაგრამ როგორ? აღებ-მიცემობისა არა ესმის რა, ანგარიში კარგად ვერ გაუგია, სად რასა აქვს გასავალი, არ იცის... ესეც ერთი უმეცრების ნაყოფი!

სიღარიბე, რიგიანის სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ-საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამ-გვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს უწყობს ათასგვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა. ბევრი მათგანი იხოცება და შველას-კი ვერსაიდამა ჰხედავს. ექიმი არა ჰყავს, წამალი არა აქვს. უილაჯობით ხან შემლოცველთან გარბის, ხან მკითხავთან, ხან ხელთ ეძლევა უმეცარს ექიმობას სოფლისას, შელოცვას, ხატებში სიარულს. სოფლელ დედაკაცების წამლობას, ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვთ ხალხისათვის, ვიდრე სარგებლობა. განა ხალხს სიცოცხლე მოსძაგებია, განა სიკვდილი იამება? მაშ რატომ მეცნიერებას არ მიჰმართავს, რატომ თავის ერთს უძვირფასეს საუნჯეს – სიცოცხლეს არ იცავს რიგიანად? აქაც დამნაშავე იგივე უმეცრება, ცრუმორწმუნებაა.

დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვა-გლეჯა, ჩხუბი, ცემა-ხოცვა ეკონომიურს გაუწყობლობის გამო, და სხვა ბევრი ამგვარი ნაყოფი უმეცრებისა – ვრცლად არის მოფენილი ჩვენს ცხოვრებაში. უმეცარ კაცს როგორ შთააგონებ, რომ მისი საკუთარი ინტერესები მოითხოვს, რომ თავის მეზობელთან კარგი განწყობილება ჰქონდეს, რომ მეზობლის უბედურება და შეუძლებლობა მას ბედნიერებას და შეძლებას ვერ შესძენს, რომ მხოლოდ ურთიერთობრივი თანხმობა, შეწევნა ჰბადებს ნამდვილ ბედნიერებას და სიმდიდრეს, როგორც მთელის ხალხისას, ისე კერძო კაცისას.

ბევრს ჯერ პირველ-დაწყებითის განათლების ნიშანწყალიც არ მოსცხებია. ხალხმა უმეტეს ნაწილად ცარიელი წერა-კითხვაც არ იცის. წიგნების კითხვა ჩვენში სრულიად არ არის გავრცელებული, რომ ხალხმა თავის ავი მაინც გაიგოს, თუ სხვის კარგას ჯერ კითხვით ვერ შეიძენს. ხალხი უმეცრების გამო სკოლებს ეჭვის თვალით უყურებს და განს უდგება. ზოგიერთ ადგილას ხალხი პირდაპირ მტრულად ეკიდება სკოლას. მაგალითად, ამ დღეებში ერთი ჩვენი კორესპონდენტი გვწერდა, რომ ილორის საზოგადოება ცდილობს თავის სკოლას ხელი შეუშალოსო.

სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, და ხალხი კი სდევნის სკოლას, განათლებას. რა მიზეზია? ცხადია, უმეცრება!

აი მოკლედ რა სურათს წარმოგვიდგენს ჩვენ... უმეცრების შედეგი. დასაფიქრებელია ასეთი არა-სანუგეშო სურათი. უმეცრებაა ჩვენის საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა – აი ერთად-ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა შეუძლიან. მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე, – ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი, საქმით დაამტკიცონ სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდამ. უნდა ჩვენს კერძო სარგებლობას, კეთილდღეობას ცოტა რამ ჩამოვათალოთ და საზოგადო სარგებლობას, კეთილდღეობას შევსწიროთ. ფული არა გვაქვსო, გარშემო შემწეობას არა ვხედავთო და ამიტომ უღონონი ვართ ამ საქმისათვისაო, ეს, რასაკვირველია, შესაწყნარებელი მიზეზია და არა გასამართლებელი. ნიჭი, გარჯა და მხნეობა დღეს თუ ხვალ ფულსაც იშოვის და შემწეობასაც მოიპოვებს; ყოველივე ეს თითონ ფულია, თითონ ღონეა და სიმდიდრე, ოღონდ კი კაცი ნუ შეიკეტება ოთხ-კედელ-შუა, ოღონდ კი გულხელდაკრეფილი ცას ნუ შევაჩერდებით: აცა, მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო. ამ ნიჭსა, გარჯას და მხნეობას ითხოვს დღეს ჩვენი ცხოვრება განათლებულის კაცისაგან და ან ვის მოსთხოვს სხვას, თუ არ განათლებულსა და მცოდნე კაცსა!..


ტფილისი, 22 მაისი, 1886 წელი



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი