Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ინტერვიუ
რუსეთმა შემოიტანა ჩვენში ევროპა - ინტერვიუ იური მეჩითოვთან
გამოქვეყნების დრო – 12 ივნისი 2017 20:13


ხელოვნება, პოლიტიკა, სოციალური თემები, სამართალი და სამართლიანობა - ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ის ადამიანია, რომელიც საზოგადოებრივ თემებს ხშირად ეხმაურება და პოზიციებს აფიქსირებს. იური მეჩითოვი თვლის რომ მოქალაქეობრივი ვალი ყველა პროფესიის ადამიანს აქვს და ეს ვალი უნდა მოიხადონ. ''ეურუსის'' კითხვებს ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი პასუხობს:




- ბატონო იური, ხელოვანი ხართ, თუმცა, ისე ხდება, რომ ხშირად გიწევთ პოლიტიკური პროცესების მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ხშირად გიწევთ შეფასებების გაკეთება, ხელოვანი ადამიანისთვის რამდენად რთულია ორ ფლანგზე ყოფნა?

- მიმაჩნია რომ მოქალაქეობრივი ვალი ყველას აქვს, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას - სანტექნიკოსი იქნება თუ კომპოზიტორი, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ყველას გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობების და ზოგადად, კაცობრიობის წინაშე. ზოგჯერ ამბობენ - თუ ხარ ხელოვანი, შენი საქმე აკეთეო… მე ასე არ მიმაჩნია. იყო ხელოვანი ეს ძალიან დიდი წოდებაა. თუ მე საკუთარ თავზე ვამბობ რომ ვარ ხელოვანი, ყოველ დღე ვცდილობ დავიმსახურო და შევინარჩუნო ეს სახელი ჩემი საქმიანობით. ხელოვანი ადამიანი პირდაპირ უსწორებს თვალს ჭეშმარიტებას, ცხოვრება იცვლება, იცვლება საზოგადოებაც და შესაბამისად იცვლება სათქმელიც. ეს არის პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობის და ნიჭიერების ნაზავი, რაც ბადებს იმას რომ შენ რაღაცას ქმნი. ზოგი ნიშნის მოგებით მეუბნება, რომ ფოტოგრაფიაც ხელოვნებაა. მე ვპასუხობ, რომ ასე უბრალოდ არ არის საქმე. ფოტოგრაფია არის საშუალება იმისთვის რომ შექმნა ხელოვნება. ისე როგორც ფერწერა არ არის ხელოვნება. ფერწერა არის საშუალება, ხელობა – შენ გაქვს ფუნჯები, საღებავები, ნასწავლი გაქვს ხატვის ტექნიკა, და შემდგომ შენ ქმნი ნაწარმოებს, რაც არის შენი გზავნილი კაცობრიობისადმი.

- ქართველ ხელოვანებზე, რომლებსაც რუსეთში გააქვთ შემოქმედება როგორი წარმოდგენა გაქვთ?

- ჩვენი ვაი პოლიტიკოსების, ექსპერტების და ჟურნალისტთა და არასამთავროების დიდი ნაწილის საქმიანობის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღრმა ჩიხშია შესული და იქიდან ვერ გამოდის. მათ მერკანტილურ ინტერესებს კი ეწირება ქვეყნის მომავალი, უბრალო ადამიანების ბედი. მათ ყოფნით სინდისი აუგი თქვან ადამიანებზე, ვინც საკუთარი შრომით ცდილობს იცხოვროს?
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მქონდა კამათი ამ თემასთან დაკავშრებით. ერთ-ერთი სულელი მწერდა - ჩემს ქვეყანაზე ესეთ საძაგლობას ნუ ამბობო - ჯერ ერთი ეს ქვეყანა ჩემიც არის. მერე, მე ქვეყანას არაფერს ვერჩი. ვსაუბრობ შეუმდგარ სახემწიფოზე და უნიათო ხელისულებაზე, რომელმაც ლამის გაანახევრა ჩვენი მოსახლეობა. თურმე მე არ მაქვს უფლება ხმის ამოღების, იმწამსვე მთავაზობენ სადმე გადასახლებას. ქართულ გვართა ლექსიკონში მეჩითიშვილებიც არიან და იმიტომაც არავისზე ნაკლები ქართველი მე არ ვარ!

- საქართველო ევროპული ქვეყანაა?

- ოცი წლის წინ ერთ პოლონელს ვკითხე, მითხარი, რომ ჩამოდიხარ რა შეგრძნება გაქვს, სად ჩამოდიხარ, ევროპაში თუ აზიაში-მეთქი? მან მითხრა - ევროპაში.
ჩვენ დიდი ხანია ევროპაში ვართ და გეტყვით საიდან. როდესაც რუსეთმა შემოგვიერთა, გინდ ანექსია დაარქვით, გინდ დაპყრობა, გინდ ოკუპაცია, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი გავხდით. იმის შემდეგ დაიწყო ჩვენში ევროპა. ანუ, რუსეთმა, როგორც თავად ევროპულმა ქვეყანამ, შემოიტანა ჩვენში ევროპა.
თბილისი გაიფურჩქნა მეფის ნაცვალის ვორონცოვის დროს. მან თქვა, ქართველები ისეთი ნიჭიერები არიან, როგორ შეიძლება მათ ოპერა არ ჰქონდეთო და ყველნაირად შეუწყო ამას ხელი. სხვათაშორის, ამას წინათ ვიყავი „აიდაზე“, დავტკბი სიამოვნებით, ეს რა იმღერეს ჩვენებმა. იმდენად საოცარი შესრულება იყო ცრემლები მომდიოდა. აი, ეს არის ევროპა, აბა რა არის. ევროპული ხელფასი და პენსია ვერ იქნება ჩვენს უბედურ ქვეყანაში რომელსაც თავისი მეურნეობა არ აქვს.

- ანუ, საბჭოთა პერიოდს დადებითად იხსენებთ?

- როდესაც საბჭოთა კავშირზე იწყება საუბარი, ყველა ახსენებს 1937 წელს. ვერ გავიგე რატომ მიდიხართ მაინცდამაინც 37 წელთან?! მე არ მიცხოვრია იმ პერიოდში, 1957-ში შვიდი წლის ვიყავი, მინახავს 1967, 1977 და 1987 წელიც და 1997-ც. იმ წლებზე, რომელზეც დღეს ამბობენ რომ იყო საშინელი და უბედური, ერმა მიაღწია 5 ნახევარ მილიონს, შექმნა ყველაზე დიდი ნაწარმოებები მეცნიერებაში, მუსიკაში, კინოში… და, მაშინ, როდესაც გვითხრეს რომ სწორ გზას დავადექით, ჩვენ დავკარგეთ ორი მილიონი ადამიანი, მომავალი ჩვენ არ გვაქვს, ხალხი აქედან გარბის. ახალგაზრდა თაობა სამწუხაროდ ზომბირებულია. 9 აპრილის, 25 წლის თავზე ჩემთან ორი გოგონა მოვიდა, მე როგორც თვითმხილველს მესაუბრებოდნენ რომ რაღაცები ჩაეწერათ. როდესაც 9 აპრილი მოხდა, ამ ორი გოგონადან ერთ-ერთი ჯერ არ იყო დაბადებული, მეორე იყო ერთი წლის. ხოლო, როდესაც მე ვთქვი ჩემი პოზიცია, როგორც მე მესმის მაშინ რა ხდებოდა, (და მე სხვანაირად მესმის ვიდრე ოფიციალურად გაცხადებულია), მათ მითხრეს - ბატონო იური, ეს ასე არ მოხდებოდაო. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ არ ჩაეწერათ ჩემი სიტყვები. ჩვენს უახლეს ისტორიაში ბევრი რამე ჩემს თვალწინ ხდებოდა, შესაბამისად უფრო მეტი ვიცი, უფრო მეტი მინახავს და მეტის თქმაც შემიძლია.

- თქვენ ფიქრობთ რომ ახალი თაობა არაინფორმირებულია?

- ახალგაზრდა თაობა როგორ უნდა გეცოდებოდეს, პირიქით მას უნდა ჰქონდეს გახსნილი გზა, მაგრამ მე მეცოდება. იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ტოტალურ ტყუილში. იმდენად არის გაჟღენთილი ამ ტყუილით ყველაფერი, რომ იქიდან გაძრომა ძალიან რთულია. დღევანდელ ხელისუფალთ არაფერი დაეჯერებათ, ისინი თავიანთ ინტერესებს იცავენ და ამ ინტერესებისთვის საჭიროა თეთრზე შავის თქმა. სულ ტყუილში შეიძლება ცხოვრება? თქვენ ცხოვრობთ გაცილებით დიდი ტყუილში ვიდრე ვცხოვრობდით ჩვენ, მე არ ვამბობ რომ ჩვენ სიმართლეში ვცხოვრობდით. ისეთი ტყული, როგორშიც ხალხი ცხოვრობს, მთლიანად ანადგურებს ერს, ანადგურებს პირდაპირი მნიშვნელობით, არსებობის ბიოლოგიურ საფუძველს უსპობს, ეს არის ყველაზე ცუდი რამ.
ქართველი მეფე მუსულმანობას იღებდა, ლექსებს წერდა არაბულად, ხოლო მისი გლეხობა იხდიდა ხარკს და აგრძელებდა ცხოვრებას. გადარჩენა იყო მთავარი პრინციპი. რამე შეიცვალა მას შემდეგ? შენ ელასტიურად, დიპლომატიურად უნდა შეძლო უზრუნველყო შენი ხალხის და ქვეყნის გადარჩენა.

- თქვენთვის რა მინუსები ჰქონდა ამ პერიოდს?

- მინუსი იყო ის, რომ მართლაც ბევრ რამეში შებოჭილები ვიყავით, ცენზურა იყო, ვერ წახვიდოდი სადაც გინდოდა. ესეთი ცხოვრება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას კლავდნენ და ასე შემდეგ. ხალხი უფასოდ იღებდა განათლებას, მუშაობდა, ერთობოდა... ყველას ყოფნიდა ყველი და პური… რა თქმა უნდა, ხიზილალა ყველასთვის არ იყო, მაგრამ დღევანდელობას რომ შევადაროთ, დღეს თუ ყველი გაქვს ადამიანს, გამართული ხარ წელში.

- არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

- ჩემი აზრით 2008 წლის ომი არსებითად იყო რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება ქართველების ხელით. ეს იყო დიდი უბედურება, რომელმაც დე ფაქტო მოწყვეტილი ჩვენი სამშობლოს ნაწილები უფრო დააშორა. იმის თქმა, რომ სააკაშვილი იყო პასუხისგებელი ამ წარმოუდგენელი ომის გაჩაღებაზე, ჩვენთან უკვე შეუძლებელია. თუ პატრიოტიზმი ტყუილის თქმა არის, მაშინ მე არა ვარ პატრიოტი. მე მგონი, რომ ჩვენ ოკუპანტების და ოკუპაციის ძახილით გვავიწყდება მთავარი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე. და ეს მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ პირზე გაკერია სიტყვა ''ოკუპანტი“. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი დე იურე თანამემამულეები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში არ თვლიან საკუთარ თავს ოკუპირებულად.

კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს დიდი ასოებით “ჩვენ უნდა გადავრჩეთ”. სხვა ყველაფერი სისულელეა. რა უნდა დაწერო სხვა კონსტიტუციაში, ის რომ თბილისის მერი არ უნდა იყოს ზუგდიდელი?

- მაინც რა წარმოშობის უნდა იყოს თბილისის მერი? როგორი მერია თბილისისთვის საჭირო?

- საქმე იმაშია რომ ქალაქი თბილისი გახდა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ქალაქი. რეალურად, თბილისი უფრო მეტია, ვიდრე საქართველო. აღარ ვსაუბრობ რომ არის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ანუ, თბილისი გახდა ყველაფერი და მის გარშემო დარჩა მიტოვებული ქალაქები და სოფლები, რომლებიც სულს ღაფავენ. თბილისი კი თავად არის განადგურების პირას მისული, იმიტომ რომ შეუძლებელია აქ ცხოვრება, ვერ იტევს ამდენ ადამიანს. და, აქ რომ იყო წარმატებული მერი, უნდა იყო მთავრობის ადამიანი, უნდა იყო უფრო მაღალი ვიდრე ბიძინა, უფრო მაღალი თუ ვერა თანაბარ პირობებში მაინც. საპარლამენტო სხდომებზე, მინისტრთა კაბინეტი რომ იკრიბება, იქ მერიც უნდა მუშაობდეს. იმიტომ რომ წავა თუ არა გლეხი თბილისიდან, დაუბრუნდება სოფელს თუ არ დაუბრუნდება პირდაპირ აისახება თბილისის ცხოვრებაზე. ეს ქალაქი შეიძლება კიდევ გაიზარდოს? როდემდე და სადამდე შეიძლება
ხედავთ რომ ჩვენ ეზოები არ გვაქვს, აქ ხომ ბეტონის ჯუნგლებია. შეიძლება ვაჟა-ფშაველა დაიბადოს ასეთ გარემოში? ძველი თბილისის ეზოში შეიძლებოდა დაბადებულიყო ვაჟაც, გრიშაშვილიც, გალაკტიონიც. ხუთ საკეტს რომ გააღებ და დაკეტავ ყოველ დღე, მზეო თიბათვისას დაწერ?!

როდესაც ვთქვი, რომ თბილისი მერი ზუგდიდელი არ უნდა იყოს, იმიტომ კი არ ვთქვი, რომ ზუგდიდს რამეს ვერჩი, იმიტომ რომ ვერ მოერევი ამათ, იმ ბანდიტებს, ყაჩაღებს, რომლებსაც ბიზნესი აქვთ აქ! უნდა იყო უფრო დიდი, მგელზე მგელი უნდა იყო! მოვიდა ნარმანია, წესიერი კაცია, მაგრამ წესიერი ადამიანი უშველით მაგათ? გინახავთ თქვენ წესიერი ადამიანის გაკეთებული საქმე? ვერ ნახავთ ეგეთ რამეს, არ არსებობს… რეალისტები უნდა ვიყოთ.

- რას ფიქრობთ დღეს სასულიერო წრეებში მიმდინარე დაპირისპირებაზე?

- რელიგიის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია - მე იდეოლოგიურად ქართველი ნაციონალისტი ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვდივარ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და მიმაჩნია რომ ეროვნული ინტერესები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული. ეკლესია ერთ–ერთი ბურჯია სახელმწიფოსი. დღეს მიმდინარე პროცესში დადებითი არაფერია იმიტომ რომ ვერ ვხედავ მოძრაობას იმ მიმართულებით რომ, სიტუაცია დაიწმინდოს.

პატრიარქს უდიდეს პატივს ვცემ. არავის ვუსურვებ ისეთ სიბერეს, როგორიც ჩვენს პატრიარქს აქვს, ეს არის ერის უბედურება, ერის დანაშაული. ის რომ ადამიანი მივიყვანეთ იმ დონემდე რა დღეშიც ახლა არის, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

მე თავად არ ვარ მორწმუნე იმ გაგებით, რომ არ მწამს ორგანიზებული რელიგიის. ნამდვილად მწამს ღმერთის, თუმცა მე მწამს ჩემთვის უცნობი ღმერთის. რელიგიებში არის ცნობადი ღმერთი, ყველამ იცის როგორ გამოიყუირება და ასე შემდეგ. მიმაჩნია რომ რაღაც ძალა არსებობს, ვიცი მარცვალი რომ ჩავდო მიწაში, ეს მარცვალი დიდ მუხად იქცევა. სერიოზულ ძალას ვხედავ რომელიც უცნობია ჩემთვის და ამ ძალის წინაშე ვარ მუხლმოდრეკილი. კანტს აქვს ასეთი გამონათქვამი - ორი რამ მაოცებს ამ ცხოვრებაში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ადამიანიში, - აი ეს თქვა დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და მეც დაახლოებით ასეთი განწყობის ვარ. არცერთი წიგნის და ზღაპრის არ მწამს, დიდი ბოდიში მათთან, ვინც მორწმუნეა. მე მწამს რომ სიყვარული არს ღმერთი. ეს არის ერთადერთი უკვდავი დებულება, რომელსაც მე ვიზიარებ ბოლომდე, სიყვარული არს ღმერთი.

- სექსუალურ უმცირესობებსა და ამ თემის ანგაჟირებას როგორ აფასებთ?

- საქართველოში არასოდეს, მათ შორის კომუნისტების დროს, არავინ დასდევდა გეებს. არავინ არაფერს ამბობდა მათზე, იმიტომ რომ ეგ არ იყო პრობლემა, პრობლემა გახდა მაშინ, როცა შეიქმნა უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ხელს ითბობს ამ თემით და ასრულებს ვიღაცების გეგმას. მათთვის საინტერესოა რომ იყოს შეჯახება, საინტერესოა რომ მოხდეს კონფლიქტი, ვიღაცამ ვიღაც გეი მოკლას, და თუ არ მოკლავს, ძალიან შეწუხებულები არიან. მე მყავდა სხვა ორიენტაციის მეგობრები, მაგრამ ისინი დროშით არ დადიოდნენ რუსთაველზე. ეს ყველაფერი გააკეთეს იმ ძალებმა რომლებისთვის ოჯახური ფასეულობა არაფერს ნიშნავს.

- მეორედ დაბადების არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, სად ისურვებდით დაბადებას?

- როდესაც ადამიანი ამბობს რომ დედა უყვარს, ეს უკვე რაღაც არანორმალურია, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, უნდა უყვარდეს და ვალდებულიც არის. ასევეა სამშობლო. არცერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი სხვაგან დაბადებას, თუმცა შეიძლებოდა ცოტა სხვანაირად მეცხოვრა, ცოტა მეტი საქმე გამეკეთებინა და მეზრუნა თუნდაც იმაზე რომ საკუთარი სახელოსნო მქონოდა. ძალიან განვიცდი რომ ამის საშუალება არ მაქვს, რომ ვერ შევქმენი საკუთარი სამყარო.




ავტორი: თამარა საკანდელია





საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge