Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ინტერვიუ
კანის ლომების კოლექციონერი კრეატიული დირექტორი - ლევან ლეფსვერიძის გზა
გამოქვეყნების დრო – 22 დეკემბერი 2017 23:47


დაივიწყეთ „99 ფრანკის“ პერსონაჟი ოქტავი და მისი ყალბი სარეკლამო სააგენტო - ეს ლევან ლეფსვერიძეა, „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი, საქართველოსთვის პირველი, კანის ბრინჯაოს ლომით ხელში!



ავტორი: მანა ნოდია


„და, ბრინჯაოს ლომის მფლობელია... „ლივინგსტონი“! საქართველო!“ - კანის ლომის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის წამყვანის ხმა თითქოს „რედიოჰედის“ სოლისტის, ტომ იორკისას დაემსგავსა. შეიძლება იმიტომაც, რომ სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე, ფესტივალის დასკვნით წუთებამდე, დასამშვიდებლად მას უსმენდა. ახლა კი თანამშრომლების, მეგობრებისა და გულშემატკივრების მილოცვებს მშვიდი ღიმილით იღებდა და რიჩარდ ბახის რომანიდან, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, ფრაზა უტრიალებდა თავში: „შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი ,,მე“, იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია...“

კანის ლომის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა სარეკლამო სფეროში. მას რეკლამების „ოსკარსაც“ უწოდებენ. როცა „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი მასზე მესაუბრებოდა, მის გამოხედვასა და ხმაში შეფარული სიამაყე იგრძნობოდა. რა თქმა უნდა, ფესტივალი ხომ უკვე 64 წლის ისტორიას ითვლის და აქ საქართველოს სარეკლამო ინდუსტრიაზე „ლივინგსტონამდე“ იმდენი სმენოდათ, რამდენიც - მარსზე სიცოცხლის შესახებ. წლის განმავლობაში საშუალოდ 40 ათას ნამუშევარს იღებენ, სადაც საქართველო ნომინირებული არასდროს ყოფილა, მითუმეტეს, გამარჯვებულ ასეულში არ მომხვდარა. 2015 წელს კი, უამრავი ცნობილი სარეკლამო გუნდის გვერდით, ისე თამამად იდგა „ლივინგსტონი“, ბრინჯაოს ლომით, თითქოს კანის წითელი ხალიჩა ყოველ წელს გადაეტკეპნოთ. თუმცა, ეს გაწეწილი, პანკის ვიზუალის მქონე კრეატიული დირექტორი, 27 წლის ლეფსვერიძე, კანის სარეკლამო ფესტივალის ორგანიზატორებს იქნებ მანამდეც უნახავთ...

2012 წელი იდგა. „ლივინგსტონი“ სულ ორი წლის დაარსებული იყო. ოთხი მეგობარი, რომელიც ენთუზიაზმით და რწმენით შეუდგა საქმეს, საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავდა. ლევანის მთავარი სურვილი კი საერთაშორისო ბაზარზე ძალების მოსინჯვა იყო, რის საშუალებასაც სწორედ კრეატიული კონკურსები იძლევა. მაგრამ, მანამდე, ლევან ლეფსვერიძემ კანში ჩასვლა და ფესტივალზე სტუმრის სტატუსით დასწრება გადაწყვიტა. ახალი ნაცნობები და ცოდნა, რომელიც „ლივინგსტონს“ გამოადგებოდა - ეს სჭირდებოდა, რაც მიიღო კიდეც.
იმავე წელს, მსოფლიო მასშტაბის სარეკლამო ფესტივალზე უპრეცედენტო რამ მოხდა - კონკურსში მონაწილეობისთვის მისაღები განაცხადი, ერთ-ერთმა სარეკლამო სააგენტომ, წებოვანი ლენტით სახელდახელოდ დამაგრებული ყუთით წარადგინა. ეს „ლივინგსტონი“ იყო, რომელმაც კანის რეკლამის ფესტივალზე ნამუშევარი ამგვარი სახით მაინც გააგზავნა, რადგან განაცხადის ელექტრონული ვერსიის მიღების ვადა ამოწურული იყო.

ლეფსვერიძემ ამ წელს პირველად გადაწყვიტა კანის სარეკლამო ფესტივალზე „ლივინგსტონს“ მონაწილეობა მიეღო. ნამუშევარი ბანკ „კონსტანტას“ უკავშირდებოდა, სახელწოდებით, „მე პატარა ქართველი ვარ“.

თუმცა, მანამდე, მცირე გაუგებრობასაც წააწყდნენ: კრეატიულმა დირექტორმა, გუნდთან ერთად, ვერ ამოხსნა ამოცანა, როგორ უნდა ჩაეტიათ კანის სარეკლამო ფესტივალზე გასაგზავნ 100 სიტყვაში ის მიღწევები, რაც „ლივინგსტონს“ შექმნიდან უკვე ორ წელიწადში დაეგროვებინა. განაცხადში ყველაფერი უნდა აესახათ, ამიტომ, რომანის მოცულობას იღებდნენ. კანზე კი რეკლამის კონკურსი იყო, არა-პროზის... ლეფსვერიძეს უკვე „რედიოჰედიც“ აღარ შველოდა. 7 დღიანი ჭიდილის მერე მიხვდნენ, რომ „ლივინგსტონი“ კანისთვის მზად არ იყო - გუნდი საწყის საფეხურსაც ვერ ლახავდა, განაცხადის შევსებასაც კი ვერ ახერხებდა...
„ვიცი, ვინ დაგვეხმარება!“- გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა გოგუამ „ტედექს თბილისის“ ბელგიელი დამფუძნებელი, რომელიც იმ დროს საქართველოში იყო, დღის ბოლომდე „ლივინგსტონის“ ოფისში გააჩინა. ლევან ლეფსვერიძე უიმედოდ შეჰყურებდა მას და საათს, რადგან განაცხადის გაგზავნის ვადა იწურებოდა. მოულოდნელად კი ბელგიელმა მოითხოვა: „ცარელ ოთახში დამტოვეთ, ჭიქა ყავით და 40 წუთი მომეცით!“.

ზუსტად ამ დროის გასვლის მერე, ბელგიელმა 100 სიტყვიანი განაცხადი გამოიტანა, სადაც „ლივინგსტონის“ ყველა მიღწევა სრულად და შთამბჭდავად იყო ასახული. რჩებოდა ერთადერთი ამოცანა - კანის ფესტივალს განაცხადი უნდა მიეღო, ოღონდ უკვე არა ელექტრონულად, ამისი დრო გასულიყო...

სწორედ ამიტომ იხილა კანის ფესტივალმა, საქართველოდან, კონკურსზე მისაღები განაცხადი ყუთით, რომელიც ლაშა გოგუამ წარადგინა. მან იმ საღამოსვე შეიძინა ბილეთები საფრანგეთისკენ და გადაფრინდა. „ლივინგსტონმა“ და ლეფსვერიძემ მაშინ ვერ მოიპოვეს ლომი, თუმცა მიზანს 3 წლის შემდეგ, 2015 წელს მაინც მიაღწიეს.

ლეფსვერიძის გზა ჩანაფიქრების ასრულებას ასახავს. როგორც ჩემი რესპოდენტი მიხსნის, 2010 წელს, მისთვის ვინმეს რომ ეკითხა, სამომავლოდ რა მიზანი ჰქონდა, კრეატიულ სააგენტოს აღუწერდა. არადა, იმ დროს, 22 წლის ასაკში, ლევან ლეფსვერიძე, ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი იყო და ელიავაზე მოსიარულე დისტრიბუტორის ამპლუასაც არ თაკილობდა. „იესემის“ წარმატებულ სტუდენტს, მარკეტერის სპეციალობით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როგორც იტყვიან, ტუზი დაეცა - ერთ-ერთ კომპანიაში მისვლისთანავე დაწინაურდა, რადგან, გაუგებარი მიზეზების გამო, კომპანია მენეჯმენტმა მოულოდნელად დატოვა. ლეფსვერიძე, მეგობართან ერთად, მართვის სადავეებში მოექცა. ეს კარგი, მაგრამ მისთვის უცნობი ეტაპი იყო. თან, დაწინაურებას ბონუსიც მოჰყვა, ხელფასი 50 ლარიდან 400 ლარამდე გაეზარდა, თუმცა კომპანიის პროდუქტის, ნათურების დისტრიბუცია მაინც უწევდა. არ წუწუნებდა - ცოტა ბოჰემა იმ დროისთვის აწყობდა კიდეც. მუშაობის პარალელურად, ბენდში, „იელოუ“, გიტარაზე უკრავდა და ბავშვობის დროინდელი კუმირი, რადიო „105“-ის ერთ-ერთი წევრი, შონზო, ამ ბენდის პროდიუსერად ჰყავდა. თითქოს მისი ოცნებები ხდებოდა, მაგრამ, სატვირთო მანქანიდან ნათურების ჩამოცლის პროცესში საკუთარ თავს როცა ეკითხებოდა- იყო ეს ის საქმე, რაც მოსწონდა და რითიც ამ სამყაროში კვალს დატოვებდა? - პასუხი უიმედო ჩანდა. და ერთ დღესაც, როდესაც „იესემელმა“ მეგობარებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ „თიბისი ბანკის“ ტენდერი მოიგეს, სარეკლამო სააგენტოს ქმნიდნენ და გვერდით მისნარი კრეატიული გონება სჭირდებოდათ, შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა.

ასე შეიქმნა „ლივინგსტონი“. ოთხი მეგობრისგან დაფუძნებული სარეკლამო სააგენტო. სახელი სწრაფად მოიფიქრეს - ოთხივეს რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ უყვარდა. ლოგოზეც დიდხანს არ უდავიათ - საყვარელი სასწავლებელი, „იესემი“, „თავისუფალ უნივერსიტეტად“ გადაკეთებულიყო, ლოგოდ კი თოლია აღარ გამოეყენებინათ. თავსუფალი ნიშა ოთხმა მეგობარმა უცბად დაიჭირა- „იესემის“ ყოფილი ლოგო „ლივინგსტონს“ შინაარსობრივადაც უფრო უხდებოდა.
ლევან ლეფსვერიძე ახლა უკვე სახლში იყო - გარემოში, სადაც „იესემში“ მიღებულ ცოდნას და რიჩარდ ბახის ფილოსოფიას - „ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა“ - სხვებთან ერთად ფრთებს ასხამდა. კონკურენტებიც არ ჰყავდათ - „ლივინგსტონი“ სოციალურ, ციფრულ მარკეტინგზე მუშაობდა, რაც იმ დროისთვის საქართველოში უცხო ხილი იყო. ასე გაჩნდა ქართულ სარეკლამო ბაზარზე ლუდი 34-ის ვირუსული კამპანია, რომელმაც, ბოლოს, 2015 წელს, კანის ბრინჯაოს ლომიც მოიპოვა. 2010 წელს დაარსებული სააგენტო კი, რომელიც თავიდან 4 კაცისგან შედგებოდა, 7 წელიწადში გაიზარდა და უკვე 120 თანამშრომელს მოიცავს.

ერთი ლომი, თან ბრინჯაოს, საკმარისი არაა. 2016 წელს, ლეფსვერიძე კუბოკრული პერანგსა და „სქინი“ ჯინსებში გამოწყობილი, სკეიტბორდზე მდგარი, თბილისის ვიწრო ტროტუარებზე გზას მიიკვლევდა, როცა „ლივინგსტონის“ მორიგი პროექტის, ლუდი „ოლდ ირიშის“ ბოლო შტრიხები ამოუტივტივდა თავში. რეკლამა კვლავ ვირუსულად გავრცელდა საქართველოში. კანზეც გაიგზავნა. ისევ ბრინჯაოს ლომი... ეს უკვე „ლივინგსტონისა“ და ლეფსვერიძისთვის გამარჯვება აღარ იყო. კანის ორი ლომი ქართული სარეკლამო ბაზრისთვის შესაძლოა უცხო და ბევრია, „ლივინსგტონისთვის“ კი - უკვე მეინსტრიმი.

კანის ფესტივალის გარდა, ლეფსვერიძემ, გუნდთან ერთად, სხვა კონკურსების გამარჯვებებიც იგემა. 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, რომლებიც გუნდის საუკეთესო ფორმაში ყოფნას ადასტურებს. ლევანს უკვე სხვადასხვა კონკურსის ჟიურის წევრად იწვევენ („ლისაბონის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის” ჟიურის წევრი; Wow Done Awards 2017-ის ჟიურის წევრი; კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ჟიურის წევრი და სხვ), სადაც, როგორც თავად გასცემს მიღებულ ცოდნას, ასევე, სიახლეებს ეცნობა. ხშირად ორგანიზატორის ამპლუასაც ირგებს. კანის ფესტივალი კი ლეფსვერიძესთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. მასთან საქართველო უფრო რომ დაეკავშირებინა, ლევანი Young Lions Georgia-ს (ახალგაზრდა ლომების კონკურსის) ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა: „ქართველ ახალგაზრდებს უკვე მეტი შანსი აქვთ, უფრო თავისუფლად წარსდგნენ კანის ფესტივალზე“-მითხრა მან.

მაგრამ, შეიძლება კი მოისვენოს თოლიამ, რომელსაც ფრენის სხვა სისწრაფე აქვს დასახული მიზნად? კანს ოქროს ლომიც „ჰყავს“, რაც საქართველოს ჯერ არ მიუღია. ან იქნებ, რომელიმე ქართული სარეკლამო კომპანია მსოფლიო ბაზარზე ისეთ ბრენდად დამკვიდრდეს, როგორც Droga5-ა, ან Weiden and Kennedy აშშ-დან? და რატომაც არა „ლივინგსტონი“ - საქართველოდან? ეს ლევან ლეფსვერიძისთვის მიუღწეველ ოცნებას არ წარმოადგენს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს: „მთავარი იდეაც ეს არის - გაკეთდეს ის, რაც აქამდე არავის გამოსვლია“.










საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge