Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ინტერვიუ
ბაია პატარაია - ჩემს მომავალ კარიერას პოლიტიკისგან შორს არ განვიხილავ
12 მარტი 2018 22:49
სპეციალურად ''ეურუსისთვის'' - ჟურნალისტი ეკა ჯანიაშვილი


გენდერული კვოტირება, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან, დღეს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. აღნიშნულის მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ამ მეთოდით გაზრდას საზოგადოების იმ ნაწილშიც კი მოჰყვა კითხვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული პოლიტიკა გენდერული თვალსაზრისით უსამართლოა. მათი შენიშვნები ორ ძირითად საკითხს შეეხება - ქალების პარლამენტში შესვლა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ხომ არ არის და საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილ კანონპროექტში, სადაც კვოტირება მხოლოდ პროპორციულ სისტემას გულისხმობს, ხარვეზები ხომ არ იკითხება.

თემაზე eurus.ge-ს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია ესაუბრება, რომელიც მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის კვოტირების სისტემის შემოღება უმნიშვნელოვანესია.

: გენდერული კვოტირება - ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა ქალის დისკრიმინაცია, გენდერული კვოტირების გზით მოხვდეს პარლამენტში და არა - საკუთარი მიღწევების დამსახურებით. რას ვპასუხობთ მათ?

- ეს არგუმენტი არარელევანტურია, რადგან პარტიებში სიის შედგენა აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაგამჭვირვალე და არამერიტოკრატიულია, ე.ი., სიები არ დგება კანდიდატთა მიღწევეობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. თუ ჩვენს პარლამენტს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სულაც არ არის სავსე ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანი ხალხით. სამართლიანი პროცესის არსებობის შემთხვევაში კი ქალები იქ აუცილებლად მოხვდებოდნენ. საქართველოში პარტიული კულტურა არაა განვითარებული, რაც, ასევე, ხელს უშლის ქალების ჩართულობას.
გენდერული კვოტირების კანონის მიხედვით, პარტიებს დაევალებათ სიების ისე შედგენა, რომ იქ ორივე სქესის წარმომადგენლები მოხვდნენ. ეს არ ნიშნავს სიაში გაუნათლებელი ქალების ჩაწერას. პირიქით, პარტიის ინტერესშივეა კვალიფიციურობის გათვალისწინება.
პარტიები აცხადებენ, რომ პრობლემას ხედავენ ქალთა დაბალ მონაწილეობაში, ხოლო როცა კანდიდატების დასახელება ხდება, საერთოდ არ ითვალისწინებენ ქალებს. მათი წუხილი ქმედებაში არ გამოიხატება. თუმცა, როდესაც კანონით დაევალებათ, რომ გარკვეული რაოდენობის ქალები შეიყვანონ სიაში, მაშინ მათ სწორედ სურვილისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩევენ.

- კიდევ უფრო მკაფიოდ რომ განვმარტოთ - რატომ არის გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანი?

- გენდერული კვოტირება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვისაა მნიშვნელოვანი. ამ კუთხით ჩვენ ჩამოვრჩებით არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებს, არამედ აზიას და აფრიკას. ეს ძალიან დიდი პრობლემაა წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ქალია და ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკის შექმნაში. მათი მონაწილეობა იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად არაფერზე აქვთ გავლენა, არც მათი ინტერესებია დაცული და არც ის ხედვაა გათვალისწინებული, რომელიც ქალებს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე აქვთ. ამ პრობლემის გამოსასწორებლადაა მოფიქრებული კვოტები, ეს გამოცდილი და აპრობირებული მეთოდი, რომელიც ბევრმა ქვეყანამ დანერგა და რომელსაც სწრაფად მოაქვს შედეგი.

- აქვს თუ არა ხარვეზები გენდერული კვოტირების კანონპროექტს? მაგალითად, ის მხოლოდ პროპორციულ სიას გულისხმობს და მაჟორიტარებზე არ ვრცელდება, რატომ?

- ჩვენი წინადადება, რომელიც 37 455 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა, ეხება პროპორციულ სიას. ამის პირველი და ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მაჟორიტარის სისტემა უქმდება და საქართველო მთლიანად გადადის პროპორციულ სისტემაზე, რასაც სწორ ნაბიჯად მივიჩნევთ. მეორე მიზეზი ისაა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე კვოტები არ მოქმედებს მარტივად, პრაქტიკულად არ გვხვდება მსოფლიო გამოცდილებაში, ან არაა გარანტირებული შედეგი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ პარტიები თითო-თითო კანდიდატს ასახელებენ და, პრაქტიკულად, შეუძლებელია გენდერული თანასწორობის დაცვა.

- რამდენადაა საზოგადოება ამ მოდელისთვის მზად, რა კონკრეტულ ციფრებსა და კვლევებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

- კვოტებს საზოგადოების ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. NDI-მ არაერთხელ გამოიკითხა, მიაჩნია თუ არა საზოგადოებას ქალთა წარმომადგენლობის დაბალი დონე პრობლემად. მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტში ქალთა მხოლოდ 16% ძალიან დაბალია და ქალთა მონაწილეობის ზრდა პოლიტიკაში ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.
არსებობს გამოკითხვა უშუალოდ კვოტებზეც, სადაც ადამიანებს უხსნიან, რა არის კვოტა და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი მხარდამჭერნი. აქაც უმრავლესობა ფიქრობს, რომ კანონპროექტი კარგი გამოსავალია. მოსახლეობას თავისი პოზიცია არაერთხელ აქვს გამოვლენილი- როგორც ქალების, ისე კაცები 60-70% ამ კანონპროექტს უჭერს მხარს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმაც მიიღოს გადაწყვეტილება.

- ხშირად მოგვისმენია, რომ ადამიანი გენდერული თანასწორობის მომხრეა, თუმცა კვოტირების წინააღმდეგი. თქვენი აზრით, რა იწვევს ასეთ ურთიერთგამომრიცხავ დამოკიდებულებას?

- ყველაზე დასამახსოვრებელი და აზრიანი არგუმენტი არის ის, რომ კვოტებით მოსული ქალების პროფესიონალიზმის გარანტია არ არსებობს. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც მიიღეს კვოტები, იქნებოდა ეს პარლამენტსა თუ კერძო სექტორში, უპირატესობას ანიჭებდნენ ახალგაზრდა, კარგი განათლების, მოტივირებულ ქალებს. ამ კრიტიკაზე პასუხი სწორედ სხვა ქვეყნების გამოცდილებაა.

- თქვენ თავად თუ აპირებთ პარლამენტარობისთვის ბრძოლას? ეს თქვენი ერთ-ერთი მიზანია?

- მიმაჩნია, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია და ჩემს მომავალ კარიერას არ განვიხილავ პოლიტიკისგან შორს, თუმცა რაიმე კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

- მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩაერთეთ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში, რა კონკრეტულ შედეგებზე შეგიძლიათ ისაუბროთ, რომლებსაც პირადად თქვენს და თქვენი გუნდის მიღწევად დაასახელებთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია „საფარი“ არის ძალიან პატარა და აქვს მცირე ბიუჯეტი, ვფიქრობ, რომ იმ პრობლემების აქტუალიზაციას ვახერხებთ, რომლებიც მწვავედ დგას ქალების წინაშე. პირველი მათგანია ძალადობა, რომლის წინააღმდეგაც კანონმდებლობისა და სტრუქტურული ცვლილებები მოქმედებს. მეორეა ქალთა დისკრიმინაცია- ამ კუთხით სასამართლოში მრავალ საქმეს ვიგებთ, მათ შორისაა გახმაურებული საქმე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. მესამე მიმართულებაა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა, - ძირითადად ვმუშაობთ კვოტირებაზე, ვიკვლევთ საპარლამენტო პარტიებს და ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ როგორ გახდნენ გენდერულად სენსიტიური.

გვინდა დავიწყოთ ქალთა ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაზე მუშაობაც. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, თუმცა სიღრმისეული კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს პრიორიტეტი არ არის, ვინაიდან ეს საკითხი არ ფიგურირებს არცერთ სამოქმედო გეგმასა თუ სახელმწიფო დოკუმენტში. ამ კუთხით ვაპირებთ ხელისუფლებასთან მუშაობას.

- ხელისუფლებაში ან პარლამენტში, ქალთა უფლებების დაცვის მკვეთრ მოწინააღმდეგედ ვის მიიჩნევთ და რაში გამოიხატება ეს?

- პარლამენტი საკმაოდ მგრძნობიარეა ძალადობასთან ბრძოლის მიმართ. თუმცა, გარკვეული მუშაობის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვაღწევთ და ამ მხრივ უკმაყოფილო არ ვართ. ყველაზე რთული საკითხი ხელისუფლებასთან მუშაობისას აღმოჩნდა კვოტები. კონსერვატიული ფრთა, თუნდაც „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოში“, მხარს არ უჭერს კვოტებს. „ევროპული საქართველოს“ შიგნითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ ძირითადად სოციალურ საკითხებზე მომუშავე ფრთა უჭერს მხარს კანონპროექტს.

დღეს საქართველოს პარლამენტი არის კაცების პარლამენტი - 84% არის კაცი. კვოტების მიღება კი მათთვის ნიშნავს, რომ შეიძლება მომდევნო მოწვევის პარლამენტში თვითონ ვეღარ მოხვდნენ. პირად ინტერესებზე გადაბიჯება სახელმწიფო ინტერესებისთვის ყველა პოლიტიკოსს არ შეუძლია.

- „არ გათხოვდეთ, გათხოვება ქმრის მონობაა“ - ამ და სხვა ცნობილი ლოზუნგებით გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ ფემინისტ აქტივისტთა ნაწილი. თავად მოგწონთ ეს ლოზუნგები და ფიქრობთ რომ ეს ფემინიზმია? თუ იმ გარემოში, სადაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გვიწევს, ეს უფრო აფუჭებს საქმეს?

- ფემინიზმი არის მრავალფეროვანი და არსებობს მრავალი მიმდევრობა: ლიბერალური, სოციალური, მარქსისტული, რადიკალური. ამიტომ ძალიან ბევრ საკითხზე ფემინისტებს შორის ცხარე კამათია, რაც ბუნებრივია. აღნიშნული ლოზუნგის აზრი მესმის. აქ არაა საუბარი ისეთ ოჯახებზე, რომლებშიც პარტნიორები თანაბრად აღიქვამენ ერთმანეთს, იყოფენ სამუშაოს და არ არღვევენ ერთმანეთის უფლებებს. ეს სლოგანები წარმოიშვა იმ ოჯახებიდან, რომლებშიც ქალს ეზღუდება სწავლის, მუშაობის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება. ასეთ შემთხვევაში ქალი გამოდის სხვისი მოსამსახურე.

სიტყვა „გათხოვებაც“ ადამიანებს კი არა, საგნებს მიემართება და ლოზუნგშიც მიზანმიმართულადაა გამოყენებული იმ შემთხვევებისთვის, როცა ქალი სწორედ იმ საგნადაა აღქმული, რომელსაც ოჯახები ერთმანეთში ცვლიან.

- რა არის თქვენთვის ფემინიზმი?

- ფემინიზმი არის იმის აღიარება, რომ ქალებს ისტორიულად ჩაგრავდნენ, დღესაც გრძელდება ასეთი ჩაგვრა და ეს უნდა დასრულდეს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების საშუალება - მათი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. ფემინიზმი არის ადამიანების თანასწორუფლებიანობის აღიარება, მათი განსხვავებების მიუხედავად.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი