"ერთი ვერტმფრენი დაჯდა, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ველოდებით მეორე ვერტმფრენს. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გუდაურში, შემთხვევის ადგილზე გააკეთა.
''მაქსიმალური მობილიზაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ რომ არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. რაც მოხდა, ეს იყო უბედურება. საბაგირო გზა იყო შემოწმებული. მას ჩაუტარდა შემოწმება დეკემბრის ბოლოს. თუმცა, შემთხვევა მოხდა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც იქნება დამნაშავე. მოკვლევა დაწყებულია", - განაცხადა ქუმსიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო.
”საბაგირო და მისი ყველა ნორმა იყო შემოწმებული. საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული გერმანული კომპანიაა, რომელმაც დაამონტაჟა აღნიშნული საბაგირო. საბაგიროს ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მომხდარის შედეგად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი. ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა, რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა, თუმცა თუ გაითიშებოდა, არ იქნებოდა მსგავსი პრობლემა შექმნილი. საბაგირო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს შესწავლა მომხდარი ფაქტის”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge